ნახშიროჟანგის შეწოვა და ჟანგბადის გამოყოფა ტანსაცმელსაც შეუძლია

ქსოვილი, რომელიც ატმოსფეროდან CO2-ს შეიწოვს, შეიძლება ერთგვარი გარღვევაც კი გახდეს კლიმატური პრობლემების მოგვარების საკითხში და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად გარემოს დაბინძურებაში არსებული დიდი წილისა, ეკოლოგიაზე ფიქრი მოდის სამყაროსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სოკო და ანანასი – ეს ის ინგრედიენტებია, რომელის გაგონებისთანავე შეიძლება პიცა გაგახსენდეთ, მაგრამ ამჯერად ინგრედიენტები ბევრად სერიოზულ მიზნებს უკავშირდება და შესაძლებელია მათი (და არამარტო მათი) დახმარებით შეიქმნას მასობრივი მოხმარების ცოცხალი ქსოვილები, რომელებიც ჰაერის გაწმენდაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

ამიტომ, არც ისე შორეულ მომავალში, ეტიკეტებზე შესაძლებელია წავიკითხოთ, რომ ქსოვილი დამზადებულია კაქტუსისგან, ან სულაც ბანანის ფოთლებისგან და ის შთანთქავს CO2-ს.

ლაბორატორიაში გამოყვანილი ბუნებრივი წყალმცენარეები

მეტიც, ლონდონური სტარტაპ კომპანია Post Carbon Lab აქტიურად მუშაობს წყალმცენარეების იმ ტიპებზე, რომლების დახმარებით შექმნილ ქსოვილს შეუძლია ფოტოსინთეზირება. სამოსზე იქნება დატანილი ცოცხალი წყალმცენარეების ფენა, რომელიც შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, ასევე მას შეეძლება ნახშირბადი აქციოს შაქრად.

Post Carbon Lab-ის თანადამფუძნებელი დაიან ლინ ჯეინი მიკროორგანიზმებისგან დამზადებული ქურთუკით, შესაბამისი წყალმცენარის პრინტით

როგორც კომპანიის თანადამფუძნებლი, დაიან ლინ ჯინი ამბობს, ერთი დიდი ზომის მაისურს შეეძლება გამოყოს თითქმის იმდენივე რაოდენობის ჟანგბადი, რამდენსაც გამოყოფს ერთი ექვსი წლის მუხის ხე.

სტარტაპ კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დიზაინერებთან და ნამდვილად ღირს დიდი ინტერესით მივადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. აქვე ვიტყვი, რომ აქამდე ისეთი ბრენდები, როგორიცაა Hugo Boss, H&M და Mycotex, გარკვეულ კოლექციებში, ეკოლოგიური მიზნებით, ანანასის ფოთლებისგან დამზადებულ ტექსტილს იყენებენ. თუმცა წინ ახალი გამოწვევებია და საინტერესოა, რა ფორმით და რომელი ბრენდების თუ დიზაინერების ჩაერთვა მოხდება ახალ წამოწყებაში.

დიზაინერ შარლოტა მაკერდის მიერ შექმნილი სამოსი, რომელიც დამზადებულია სოკოს ტყავისგან და მიცელიუმისგან

ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივისგან განსხვავებით ასეთი ტანსაცმლის შენახვის წესი სპეციფიკურია, ბნელ კარადაში ამ სამოსს ვერ შეინახავთ, საჭიროა მისი მუდმივად განიავებად გარემოში მოთავსება. თუმცა ეს დისკომფორტი რა მოსატანია იმ გლობალურ დაბინძურებასთან, სადაც მსუყე წილი ტანსაცმლის სიჭარბეს უკავია. ზიანი რომ ციფრებში ავსახოთ, მხოლოდ ბრიტანეთში, წელიწადში 300 000 ტონა ტანსაცმელი ხვდება სანაგვეზე. ასევე მსოფლიო ტექსტილის ქარხნები წელიწადში 1,2 მილიარდ ტონა ნახშიროჟანგს გამოყოფენ, რაც ავიაკომპანიების და გადამზიდი კომპანიების მიერ ერთად გამოყოფილ ნახშიროჟანგზე მეტია.

წყარო: THE GUARDIAN

Apple-მა VR სენსორული მოწყობილობა და უჩინ-მაჩინი კომპიუტერი დააპატენტა

სულ ახლახან, ეფლმა ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისში (USPTO) დაარეგისტრირა პატენტი, ვირტუალურ რეალობაში ობიექტების დისტანციური კონტროლის შესახებ.

ინოვაცია ითვალისწინებს სპეციალური პატარა მოწყობილობის მომხმარებლის თითზე მიმაგრებას და დისტანციურად, სენსორული კონტაქტით ისეთი გაჯეტების მართვას როგორიცაა მაგალითად, iPhone და HomePod speaker. ასევე ითვალისწინებს ისეთი AR (აუგმენტური რეალობა) და VR (ვირტუალური რეალობა) მოწყობილობების მართვასაც, რომელებიც შესაძლოა მომავალში შეიქმნას.

ასევე, ეფლმა Imac-ის კომპიუტერებისთვის ახალი დიზაინიც დააპატენტა. პორტატული კომპიუტერი მინის გამჭვირვალე კონსტრუქციისგან იქნება შედგენილი და გამოყენებიდან გამოყენებამდე მისი კორპუსი უჩინარი გახდება. როგორც მითითითებულია პატენტში, კომპიუტერს ექნება დრეკადი გამრუდებული დიზაინი და ამავე დროს შესაძლებელი გახდება მისი დაკეცვაც.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს კომპანია ამ პროდუქტების წარმოებას და როგორი იქნება დისტანციური მართვის სენსორის ან ინოვაციური კომპიუტერის საბოლოო ვერსიები. იმიტომ, რომ ეფლი არასოდეს აკეთებს კომენტარს იმ პროდუქტებზე, რომელიც არ არის ოფიციალურად დასტურებული.

თუმცა ეფლის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ხშირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზღვარი ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის ნელნელა ქრება და სულ რაღაც 5-10 წელიწადში ე.წ. აუგმენტური რეალობა და ვირტუალური რეალობა სამომხმარებლო ტექნოლოგიების აუცილებელი და განუყოფელი ნაწილი გახდება.

წყარო: INDEPENDENT

სან-ფრანცისკოში წამოსაწოლი სამუშაო მაგიდები გამოუშვეს

ყველას გახსოვთ ალბათ ემა, ოფისში მომუშავე ადამიანის შემაძრწუნებელი ევოლუცია 20 წლის შემდეგ:

 შეუქცევადი პროცესის შესაჩერებლად, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ Altwork-მა, თავისივე შექმნილი საოფისე მაგიდის გაუმჯობესებული ვერსია გამოუშვა, რომელიც ოფისის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, არც მეტი არც ნაკლები, თან წელი გამართონ და თან იმუშაონ.

 კონსტრუქცია შედგება წამოსაწოლი სკამისგან, მაგიდისგან და 40 კილოგრამიანი ზამბარიანი კორპუსისგან, რომელიც ადგილზევე დაიჭერს მძიმე კომპიუტერულ ტექნიკას.

 მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ მაგიდის მოხმარებით ოფისის თანამშრომლები შეინარჩუნებენ ჯანმრთელობას და გაცილებით პროდუქტიულები გახდებიან.  

მოწყობილობა ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი ფასი 7 600 აშშ დოლარია.

წყარო: DAILY MAIL

Samsung-მა მობილური ტელეფონებისთვის უხილავი კლავიატურა შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოდ მობილურ ტელეფონებზე გადავინაცვლეთ, მეილების და გრძელი ტექსტების აკრეფა დღემდე მაინც დისკომფორტად რჩება. Samsung-მა შემდეგნაირად გადაწყვიტა ამ პრობლემის გადაჭრა – ხელოვნური ინტელექტის და ტელეფონის კამერის გამოყენებით შესაძლებელი ხდება კლავიატურის თქვენს წინ არსებულ ნებისმიერ სიბრტყეზე ინტეგრირება. ტელეფონის კამერა უბრალოდ აკვირდება და იმახსოვრებს უხილავ კლავიატურაზე ხელების მოძრაობას.

ინოვაციის სახელია SelfieType და ჯერ-ჯერობით კომპანია დემო ვერსიაზე მუშაობს. Samsung-ი ცნობილია თავისი უცნაური გამოგონებებით Samsung C-Lab-ის პროექტის ფარგლებში, სადაც ხდება უახლესი ტექნოლოგიური იდეების გენერირება და დამუშავება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ეგიდით უკვე არაერთი გამოგონება გამხდარა სამსუნგის კომერციული პროდუქტი.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოუშვებს სამსუნგი SelfieType-ს, მაგრამ პრომო ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თანამედროვე მოწყობილობებისთვის და აუცილებლად ღირს მოვლენების განვითარებაზე თვალის დევნება

წყარო