როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

ტკიპები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფართოდ არიან გავრცელებულნი. ვხვდებით, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანაში (მაღალმთიან რეგიონებშიც, სვანეთისა და რაჭის ჩათვლით). განსაკუთრებით ბოლო დროს იმატა ტკიპების გააქტიურების შემთხვევებმა. ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელმა, გვანცა ბრაჭულმა ისაუბრა. რა უნდა ვიცოდეთ, რას ველოდოთ და როგორ დავიცვათ თავი მწერების ამ სახეობისგან:

ჯამში, 5 გვარის 15-მდე სახეობა გვხვდება (Ixodes, Dermacentor, Haemophysalis, Hyalomma, Rhipicephalus) .ვიზუალურად რომ ამოიცნოთ, ოვალური ფორმის ტანი, თავი და 4 წყვილი ფეხი აქვთ. ტანის ნაწილი შეიძლება იყოს ერთი ფერის (მაგალითად, Ixodes ricinus ერთგვაროვნად მოწითალო ფერისაა), ან ჭრელი (მაგალითად, Dermacentor marginatus ულამაზესი, ჭრელი ფერის ტკიპაა). თავის, ანუ კაპიტულუმის, ნაწილში ვხვდებით საკვებ აპარატს, სწორედ მის შემადგენლობაში არსებული ჰიპოსტომით ახერხებს ტკიპა კანზე მიმაგრებას და, შემდგომ, კვებას. ფეხებსა და ტანზე, სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება ბუსუსებიც შეგვხვდეს და მათი არსებობა სახეობის იდენტიფიცირებისთვის არის მნიშვნელოვანი.საყვარელი გავრცელების არეალები – ხშირად ბალახიანი, ტყიანი, თუმცა შეიძლება მშრალ, არიდულ გარემოშიც შევხვდეთ, მაგალითად ჰიალომას. ცხოვრობენ მიწის ზედაპირზე და, შესაბამისად, ხიდან ვერ დაგეცემათ ვერანაირად. სამაგიეროდ, ხტებიან მშვენივრად და ბალახიდან ამოხტომისას ჩვენს სხეულებზე უმარტივესად მოხვდებიან. სისხლით კვება ზრდასრულ ტკიპებში მხოლოდ მდედრებს ახასიათებთ, თუმცა ლარვა და ნიმფაც იკვებებიან სისხლით. კანზე ხანგრძლივად ჩერდებიან სისხლის წოვისას და ზომაშიც საკმაოდ იზრდებიან ამ დროს (100ჯერაც კი არის შესაძლებელი ზომაში ზრდა).

თუ ტკიპას იპოვნით სხეულზე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწრაფად მოცილება კანიდან. ხალხური მეთოდები ზეთის დასხმის ან ცეცხლის შენთების – დაუშვებელია, ვინაიდან, ამ დროს შეშინებული ტკიპა მეტ “ნერწყვს” უშვებს თქვენს კანში და ინფიცირების რისკი იზრდება. გამოიყენეთ პინცეტი, რომელსაც უშუალოდ საკვებ ორანოს ჩასჭიდებთ (არ შეეხოთ სხეულს) და მშვიდად ამოაძრეთ კანიდან. ხანდახან კანში რჩება ნესტრისმაგვარი საკვები ორგანო, რომელიც საშიში არ არის და ნუ შეშფოთდებით. ტკიპა არ გასრისოთ. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის თბილისში და მის შემოგარენშიც, ფართოდ არის გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ტკიპებს გადააქვთ, ორი მათგანის შესახებ ძალიანძალიან მოკლედ:

  1. ბორელიოზი (Lyme disease), გამომწვევი – სპიროქეტა Borrelia burgdorferi. ყველაზე ნაკლებად პრობლემური და მარტივად სადიაგნოსტიკო, ვინაიდან, თუ ტკიპა გიკბენთ, კბენის გარშემო ვითარდება წითელი რკალი, თეთრი ცენტრით, ეს რკალი დროთა განმავლობაში ფართოვდება. სხვა სიმპტომები გრიპისმაგვარია, სხეულის ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა. მკურნალობა ანტიბიოტიკურია, თუმც სიმპტომები შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს. საქართველოში ბორელიოზი სეზონურად საკმაოდ ხშირად გვხვდება.
  2. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება CCHCF – განსაკუთრებით საშიში დაავადება, BSL-3 დონის ვირუსული პათოგენით (Nairovirus) არის გამოწვეული. ორფაზიანი მსვლელობა აქვს, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მწვავე მოწამვლის სიმპტომებით, შემდგომ კი მულტი-ორგანული დაზიანებები და ჰემორაგიები იწყება. დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვირუსს 40%-მდე აქვს სიკვდილიანობა. საქართველოში ყოველწლიურად, სეზონურად გვხვდება შემთხვევები, განსაკუთრებით საშიშია შიდა ქართლისა და ჯავახეთის ტეროტორია, თუმცა ტკიპებიდან ვირუსის რნმ სხვა ბევრ რეგიონშია გამოყოფილი. წელს, როცა სეზონი ჯერ ახლაღა იწყება, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები და , სამწუხაროდ, გვქონდა ლეტალური გამოსავალიც.

თუ თავის არიდება გსურთ პრობლემებისგან, ბუნებაში გადით დახურული ფეხსაცმლითა და გრძელი შარვლით. პირდაპირ ბალახზე დაჯდომა-წამოწოლას ერიდეთ, სახლში დაბრუნებისას შეიმოწმეთ სხეული და კარგი იქნება, ველზე გასვლამდე რეპელენტებსაც თუ გამოიყენებთ. დამატებით ფაქტად, ტკიპები ერთერთი პირველები იყვნენ, ვინც წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა (ობობებთან და მორიელებთან ერთად).

ისტრუქცია, თუ როგორ მოვიშოროთ ტკიპა სხეულიდან

პანდემიის შედეგები და შრომის ბაზარი

ფოტო კრედიტი: People Matters

ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ პანდემიები და ეპიდემიები მნიშვნელოვნად ცვლიან მსოფლიოს. მაგალითად, შავმა ჭირმა იმდენად შეცვალა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა, რომ განათლების მიღების მოთხოვნილება გაიზარდა და ეპოქა პროგრესის გზას დაადგა. 1300-იან წლებში მუშა ხელის სიმცირის გამო ინგლისელი მშრომელი ადამიანის ხელფასი დღეში 2 პენსიდან ჯერ 4-მდე და შემდეგ 6-მდე გაიზარდა. მუშა ხელის გაძვირებამ კი ტექნიკური ხრიკების გამოგონების პროვოცირება გამოიწვია, რაც თავის მხრივ ცოდნას მოითხოვდა და შესაბამისად ცოდნის მიღების მიმართაც გაიზარდა მოთხოვნილება.

ადრე, მე-19-ე საუკუნის მიწურულს, დასაქმების საკითხში ადამიანის ნაჩვრეტებიანი და ლაქებიანი სახე ერთ-ერთ უპირატეს ფაქტორად მიიჩნეოდა. მსგავსი სახე ნიშნავდა, რომ ამ ადამიანს ისეთი მომაკვდინებელი დაავადება როგორიც ყვავილი იყო, უკვე გადატანილი ჰქონდა და დამსაქმებლისა და კოლეგებისთვის იგი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ეს გრძელდებოდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე.

რა ცვლილებას დატოვებს COVID-19 ჩვენს რეალობაში, ჯერ-ჯერობით მკაფიო პასუხები არ გვაქვს, თუმცა უკვე ყველანი ვხვდებით, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო და ამიერიდან ბევრი რამ შეიცვლება.

უახლოეს მომავალში შესაძლოა, დასაქმების ბაზარზე ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ უპირატესობაში აღმოჩდნენ. ხოლო ვრცელ პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონონიკური კრიზისის წინაშეა, ვირუსმა შესაძლოა გაცილებით მაშტაბური გარდატეხები მოახდინოს ცოდნის მიღების და ამ ცოდნის მიზნობრივად გამოყენების საკითხებში, რაც იმედია დადებითად აისახება თანამედროვე მსოფლიოზე.

ფოტოგრაფიის მანიპულაცია

ფოტოჟურნალისტებმა ოლაფარ გესტსინმა და ფილიპ დავალიმ გადაწყვიტეს ეჩვენებინათ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფოტოების სწორი წერტილიდან გადაღებას. მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები კარგად აჩვენებს თუ როგორ შეუძლია ფოტოგრაფიას რეალობით მანიპულირება.

თავდაპირველ ფოტოებზე ასახული დარღვეული სოციალური დისტანცია, სულაც არ ასახავს რეალობას, რადგან სხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებს:


ნახეთ, რომელი ფოტო გადაიღო ჰაბლმა თქვენი დაბადების თვესა და რიცხვში

აშშ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა (NASA) ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ორბიტაზე გაშვების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საიტზე საინტერესო და სახალისო ფუნქცია დაამატა: თუ შეხვალთ ამ ბმულზე – What Did Hubble See on Your Birthday? და შეიყვანთ საკუთარი დაბადების დღის რიცხვსა და თვეს, ნახავთ რა ფოტოები გადაიღო ჰაბლმა 1990 წლიდან დღემდე თქვენს დაბადების დღეებზე, ფოტოზე აღბეჭდილი გამოსახულების შესახებ მოკლე ინფორმაციის მითითებით.

ქარში გახვეული ახალგაზრდა ცისფერი გაკაქტიკის NGC 2841 სურათი, რომელიც ჰაბლმა 2010 წლის 7 იანვარს, “მეამბე”-ს დაბადებამდე ზუსტად 10 წლით ადრე გადაიღო.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უკვე 30 წელია რაც დედამიწის ორბიტაზე 27 000 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობს. მისი ობიექტივი სამყაროს შორეულ, დედამიწიდან 13,4 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე დაშორებულ ობიექტებსაც კი სწვდება. მან მილიონზე მეტი დაკვირვება ჩაატარა სხვასადხვა გალაქტიკებზე, პლანეტებსა თუ ვარსკვლავებზე და კატალოგშიც უამრავი საინტერესო სურათი დააგროვა.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საიუბილეო პოსტერი

ბრიტანული ჯანდაცვისთვის 99 წლის ვეტერანმა 23 მილიონი ფუნტი შეაგროვა

კაპიტანი ტომ მური, ფოტო:BBC

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 99 წლის ბრიტანელმა კაპიტანმა ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის იუბილესთვის ემზადება, ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტა საქველმოქმედო მიზნით, იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო ფეხით 100-ჯერ შემოევლო და მიღებული დონაციებით ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვას დახმარებოდა. ის მხოლოდ ათასი ფუნტის მოგროვებას ვარაუდობდა იმ ექიმებისთვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ. თუმცა მის კეთილ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მან ამ ეტაპზე, 18 აპრილის მდგომარეობით 23 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შესძლო.

ახალგაზრდა ტომ მური, ფოტო:Wikipedia

კაპიტან მურს გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სამეფო ოჯახის წევრებმა. პეტიციას კი ვეტერანის რაინდად კურთხევის შესახებ, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს.

თავად კაპიტანი მური კი ბედნიერია და მადლობას უხდის მხარდამჭერებს.

კაპიტანი ტომ მური, ფოტო: Evening Standard

შეგროვებული თანხა მთლიანად დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და ახალ კორონავირუსთან მებრძოლ მედიკოსებს მოხმარდება.

წყარო: BBC

მეცნიერული მიღწევების მიმოხილვა COVID-19-თან ბრძოლაში

იმ დროს, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მკვლევარები დაუღალავად მუშაობენ ვირუსის შემამსუბუქებელი სიახლეების აღმოსაჩენად.

პროექტები, რომლებზეც კომპანიები მუშაობენ, 3 ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია – დიაგნოზი, მკურნალობა და ვაქცინა. პოსტში თითოეულ მათგანზე მოგიყვებით.

  1. დიაგნოზი: დაავადების სწრაფად და ეფექტურად გამოვლენა, რომელიც ამცირებს გართულების და გავრცელების რისკს

დღეისათვის ტესტებზე მომუშავე კომპანიების რიცხვი ბევრია. მათი მიზანი რაც შეიძლება ნაკლებ დროში, ზუსტი პასუხის მქონე ტესტების შექმნაა. უკვე შემუშავებული და მსოფლიო მაშტაბით გამოყენებული ტესტების სია 41 პროდუქტს აერთიანებს, მათგან ზოგი რამოდენიმე წუთში იძლევა ეფექტურ პასუხს:

საქართველოში ანალიზი ვირუსზე ტარდება ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. პოლიმერაზიული ჯაჭვური რეაციის მეთოდით, რომელიც დიდ დროს მოითხოვს და მასობრივ ტესტირებებთან შეუთავსებელია. ჩინეთის მიერ დახმარების სახით მოწოდებული სწრაფი ტესტები, რომლებიც საათნახევარში იძლევა პასუხს, ლიმიტირებული რაოდენობით გვაქვს და მისი ძირითადი ნაწილი უკვე მარნეულს მოხმარდა. რაც შეეხება 15-30 წუთიან სწრაფ ტესტებს, რომელიც საქართველოში მარტის ბოლოს შემოვიდა, უვარგისი აღმოჩნდა და ჯერ-ჯერობით ქვეყანა სწრაფი ტესტების გარეშე რჩება.

2. მკურნალობა: სიმპტომების შემსუბუქება იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ დაავადება და საბოლოოდ, საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობას ნაკლებად მწვავე სიმპტომები ახასიათებთ, დაავადებამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. რისკ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე და ასაკოვანი პაციენტები შედიან.

მკურნალობის ფორმების უმეტესობა 2 კატეგორიისგან შედგება:

  1. რესპირატორული სიმპტომების მკურნალობა, განსაკუთრებით პნევმონიის, რომელიც მძიმე შემთხვევებში გვხვდება;
  2. ორგანიზმში ანტივირუსების ზრდა ანუ ადამიანის სხეულში ვირუსების გამრავლების შეჩერება.

ცხრილში მოცემულია COVID-19-ის მკურნალობისთვის გათვალისწინებული მედიკამენტები, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ და მათი ტესტირება ჯერ კიდევ პროცესშია:


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ისეთ ექსპერიმენტულ მედიკამენტებს იყენებენ როგორიცა მაგალითად, რემდესივირი. საქართველომ აირჩია პრეპარატები, რომლებმაც ჩინეთის გამოცდილებით დიდი ეფექტი აჩვენეს და ჯერ-ჯერობით ჩვენი მედიკოსების სწორი გადაწყვეტილება სიკვდილიანობის ნულოვან მაჩვენებელზეც ისახება.

3. ვაქცინა: მოსახლეობაში COVID-19-ის მიმართ ხელოვნური იმუნიტეტის გამომუშავების გზით ინფექციის გავრცელების შეჩერება.

დღეისათვის დაახლოებით 35 კომპანია და აკადემიური ინსტიტუტი იბრძვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად. მათგან რამოდენიმემ კი უკვე დამაიმედებელ შედეგებსაც მიაღწია:

როგორც წესი, ვაქცინა ჯერ კლინიკურ ცდებს გადის ცხოველებზე, შემდეგ კი გადადის მომდევნო ეტაპზე და იწყება მათი ადამიანებზე გატესტვა, რასაც ჩვეულებრივ წელიწადი ან მეტი დრო სჭირდება. თუმცა რადგან ვითარება სულ სხვაგვარია, საჭირო გახდა ვაქცინის შემუშავების დაჩქარება. ვაშინგტონში კომპანია Moderna Therapeutics-მა დროის მოგების მიზნით მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა mRNA-1273, პირდაპირ ადამიანზე გამოსცადა, რაც ჯერ-ჯერობით დამაიმედებელ შედეგს იძლევა და თუ ყველაფერმა გეგმის შესაბამისად ჩაიარა, აღნიშნულ კომპანიას ვაქცინა 2020 წლის შემოდგომისთვის ექნება მზად. ცნობილია, რომ ვაქცინის ყველაზე ადრეული ვერსიები რისკ ჯგუფებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მეცნიერები ცდილობენ ვირუსის ზემოქმედება ორგანიზმზე ადამიანის დნმ-ის დონეზე გამოიკვლიონ, ამით ისინი ცდილობენ ახსნან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზი იმ პაციენტებში, რომლებიც არ შედიოდნენ რისკ ჯგუფებში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვირუსისადმი მგრძნობელობა შესაძლოა გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული.

ასევე, ქიმიკოსების ჯგუფი ცდილობს შექმნას ცილის ფრაგმენტი ე.წ. პეპტიდი, რომელსაც ვირუსის ცილების ადამიანის უჯრედში შეღწევის ბლოკირება შეუძლია. მკვლევარები ამ მხრივ დამაიმედებელ ცნობებს იძლევიან და გვპირდებიან, რომ მეთოდის გამოცდას პაციენტებზე რამოდენიმე კვირაში დაასრულებენ.

წყარო: VISUAL CAPITALIST

ერის ტბის ტალღები

ერის ტბის ჩრდილოეთ ნაწილი კანადას ეკუთვნის და სამხრეთ ნაწილი – აშშ-ს. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 173 სმ. სიმაღლეზე, ფართობით 25 700 კვ.მ. ერის ტბა არის ის ბობოქარი ტბა, რომლიდანაც გამოედინება მდინარე ნიაგარა.

ცნობილმა ფოტოგრაფმა დეივ სტენდფორდმა, თავის ფირზე, ტბის მღელვარე მომენტები აღბეჭდა:

ფოტოები: Dave Sandford

სადეზინფექციო ხსნარის მომზადება რეალურ გარემოში

იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სადენზინფექციო ხსნარის მომზადების რეცეპტს გვიზიარებს:
👩‍🔬 400 მლ – ეთანოლი 95%-იანი ( სამედიცინი სპირტი )
👩‍🔬 20 მლ – წყალბადის ზეჟანგი 3% -იანი
👩‍🔬 80 მლ – გამოხდილი წყალი , სტერილური წყალი !

შეგიძლიათ ჩაასხათ დოზატორში, სასურველია დააყოვნოთ 72 საათი და გამოიყენოთ გარეგანად ! ( არ დალიოთ , არ მოიხვედროთ თვალში, მოარიდეთ ბავშვებს, სითბოს და ცეცხლს ! ) შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიფტის ღილაკების, სახელურების და სხვა საგნების დეზინფექციისთვის, სისტემატური მიმოხილვით გაირკვა რომ SARS-ის და სხვა მსგავსი კორონავირუსების ინაქტივირებისთვის საკმარისია დაახლოებით 60 -75% -იანი ეთანოლის ხსნარი.

ბრიტანელი მინისტრის საქაღალდის მისტიკური ტრანსფორმაცია

გასულ თვეს, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი,  საჯიდ დავიდი თანამდებობიდან გადადგა, მისი ადგილი ახალგაზრდა კონსერვატორმა რიში სუნაკმა დაიკავა, რომელიც მანამდე სახაზინო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

 დღეს კი ახალი მინისტრი ყურადღების ცენტრში არა მისი საქმიანობის, არამედ სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა –  ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს, რიში სუნაკის საქაღალდემ მეტად მისტიკური ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც ყველა აალაპარაკა.

პირდაპირ ერთერში კარგად ჩანს თუ როგორ ტოვებს ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, ქვეყნის ბიუჯეტის განხილვის შეხვედრას და ავტომობილთან ჩავლის დროს მისი წითელი ფერის საქაღალდე როგორ იქცევა ზუსტად იგივე ზომის და მოცულობის მწვანე შეფერილობის საქაღალდედ, რაც წარმოუდგენელი და ძალიან უცნაურია.

ნახეთ ვიდეო:

ინტერნეტში აქტიური განხილვა მიმდინარეობს, რა შეიძლება იყოს საქაღალდის ფერის ცვლილების მიზეზი. ამ თემაზე საუბარი სავარაუდოდ, არც დასრულდება, მანამ სანამ თავად მინისტრი არ მოჰფენს ნათელს თუ რა მოხდა სინამდვილეში.

წყარო: INDEPENDENT